რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.
მათ პროკურატურა 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2005 წელს დაბადებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და 2001 წელს დაბადებულ საბა მეფარიშვილს გამოძიება რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს“, – წერდა შსს.
ადვოკატები ბრალდებულების მიმართ ციხეში მტრულ გარემოზე და ფსიქოლოგიურ წნეხზე მიუთითებდნენ.