პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მიდიან.

აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციის წარმომადგენლები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

„აქციები გაგრძელდება მოლაპარაკებების პარალელურად. ჩვენი მოთხოვნაა ნორმალური ხელახალი არჩევნების ჩატარება, არჩევნების გზით კრიზისიდან გამოსვლა“,- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.