სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“,- აცხადებენ უწყებაში.
გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“
კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში და გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დღის ბოლომდე პოლიციამ პარლამენტის გარეთ აქციის 36 მონაწილე დააკავა. მათ შორის იყვნენ “ტაბულის” და “პუბლიკის” ჟურნალისტები.