პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

„8 ივლისს, რუსეთმა მორიგი ტერაქტი ჩაიდინა. უკრაინას კვლავ მასიურად დაესხნენ რაკეტებით. სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო.

დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან გრძელდება ნანგრევებში ადამიამების ძებნა. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც დაიღუპნენ ამ საშინელ დღეს“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში.

ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

9 ივლისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა.