„მე „გირჩი“ არ დამიტოვებია. რაც დავწერე სტატუსში, ეგ იყო; ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, ეგ არის; არ ვაპირებ გარეთ გამოტანას არაფრის“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „გზების გაყოფის“ შესახებ განცხადების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ ყოფილა.
„პარლამენტში შესვლა-არშესვლა საერთოდ საკითხი არ არის; არა, პარტია არ დამიტოვებია. რა პარტია დავტოვე, რას ლაპარაკობთ?“ –- მიმართა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
„პარტია არა ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება „გირჩში“, მაგას გადაწყვეტენ „გირჩის“ მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ფული და ენერგია აქვთ ჩადებული „გირჩში“. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, რომ მიწერია, მაგ ადამიანებთან ერთად აღარ ვაპირებ „გირჩის“ კეთებას ანუ ამ საქმის კეთებას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მან ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადების შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა, განმარტა, რომ ეს იყო პირობები, რაც საჭირო იყო ერთად საქმის კეთების გასაგრძელებლად. ჯაფარიძის თქმით, მათთვის ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ „დაამთავრა ამ ადამიანებთან ურთიერთობა“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფეიბუქის პოსტით გაიგეს პარტნიორებმა ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე თუ არა, ჯაფარიძე პასუხობს: „არა, მანამდე მქონდა ნათქვამი ზოგთან“.