პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისი თქმით, საადვოკატო-საკონსტულტაციო საქმიანობას უბრუნდება და გეგმავს, გერმანიაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ბოლომდე მიიყვანოს.

„დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას — ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა.

თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი.

დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი — ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემტკივრად!“, – დაწერა თავაძემ.