დაძაბულობაა პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა იმართება. ადგილზე მისულები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები.
ისინი „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ასევე 5-6 ივლისის მოვლენებზე „ქართული ოცნების” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.
„ოცნების” ოფისთან მობილიზებულია პოლიციაც. ამ დროისთვის მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა გრძელდება.
„აქ ახლა სალაპარაკო ნაკლებია. მოვედით მე და ელენე ხოშტარია და ვაპირებთ შესვლას „ქართული ოცნების“ ოფისში, მოძალადე „ქართული ოცნების“ ოფისში, ეს არ არის ხელისუფლება… ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსვალი არსებობს, მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს“, – განაცხადა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.