„პარტიები დავაანონსებთ კონკრეტულ მოქმედების გეგმას“ - ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას, როგორც ცნობილია, არ ესწრებოდა „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სამოქმედო გეგმა საბოლოო სახით ჩამოაყალიბეს და დეტალებს საზოგადოება დღეს გაიგებს საერთო ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრიფინგს დაესწრება მინიმუმ სამი ოპოზიციური ცენტრი – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩვენ აქ ვიყავით სამი პარტია, სრულიად შეჯერებული გვაქვს პოზიციები, ვიბრძვით ყველანი ერთად, იმიტომ, რომ სამშობლოს გადარჩენის დროა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველანაირი გეგმა არსებობს, რაღაცები ითქმება, რაღაცები ვერ, მაგრამ ხალხის ჩართულობით პირველ რიგში, ჩვენ მივაღწევთ შედეგს, არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. […]

დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც ჩვენ სამი, მინიმუმ და შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით, იქნება განსხვავებული ტექსტები, უფრო სწორად სხვადასხვა მიმართულებთან დაკავშირებით განცხადებები კოალიციის ლიდერების, მაგრამ სამივე ტექსტი არის შეთანხმებული, სამივე პოზიცია არის შეთანხმებული. პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ შეთანხმებულად, როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ინტერესი, რომელიც მაღალია და სწორია მოწოდებები სწრაფი გადაწყვეტილებებისკენ, იქნება დაკმაყოფილებული“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ „ეს იქნება პარტიების ბრიფინგი და სადაც პარტიები დავაანონსებთ კონკრეტულ მოქმედების გეგმას“.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ აქვთ „ტექნიკურ დონეზე ინფორმაციის გაცვლა“ და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, თუმცა ცალკეულ შეხვედრაზე ინფორმაცია არ აქვს.