ოპოზიციური პარტიები ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მადლობას უხდიან „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ (MEGOBARI) ინიციირებისთვის და იმედს გამოთქვამენ, რომ კონგრესი და სენატი ერთობლივად იმუშავებს მის სწრაფად მისაღებად.
პარტიების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ მადლობლები არიან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვისთვის ჩვენი უწყვეტი ბრძოლის მიმართ ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
წერილში აღნიშნულია, რომ „ვინაიდან საქართველოს მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კრემლის მიერ შთაგონებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით, ქართველები მტკიცედ იცავენ ამ კურსს”.
ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში რუსული კანონისა და რუსული კურსის წინააღმდეგ გაიმართა, ხოლო ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
პარტიები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ოფისების დარბევისა და მოქალაქეების დაშინების კამპანია მწვავდება” და რომ „ხელისუფლება სულ უფრო მეტად მიბრუნდა ავტორიტარიზმისკენ და დაექვემდებარა სხვა ავტორიტარებს, მათ შორის, „შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემით“.
წერილში ნათქვამია, რომ ეს აფერხებს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტიციას კეთილსინდისიერი აქტორებისგან და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგრადობას.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას მეგობარი აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც ქართველ ხალხს შესთავაზებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების არსებით გაძლიერებას.
მადლობელი ვართ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის გზით გააღრმავებს შეღავათიან ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას. გარდა ამისა, მივესალმებით MEGOBARI აქტის მეშვეობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივას, რომელიც მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ და ღრმად ვაფასებთ სენატის წევრების მხრიდან დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვას ორპარტიულ საფუძველზე.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ჩვენს მეგობრობას და აფართოებს დახმარებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, რომლებიც ჩაგრავენ ქართველ ხალხს. მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, კონკრეტული შედეგების დაწესებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, შეუძლია შეცვალოს ეს სახიფათო კურსი და დაანახოს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი მათ ერთგულებაში“. – ნათქვამია წერილში.
ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები წერილით ასევე თხოვენ აშშ-ის კონგრესს, „გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას”.
წერილს ხელს აწერენ:
პარტია ახალი – ნიკა გვარამია, ნიკა მელია, თანათავმჯდომარეები
პარტია დროა – ელენე ხოშტარია, თავმჯდომარე
პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თავმჯდომარე
რესპუბლიკური პარტია – ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარე
სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე, თავმჯდომარე
მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ევროოპტიმისტები – რომან გოცირიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის – ნიკა მაჭუტაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
საქართველოსთვის – ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
თავისუფლება – ნატო ჩხეიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
გირჩი – იაგო ხვიჩია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის – დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
რეფორმების ჯგუფი – თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე
დამოუკიდებელი დეპუტატები:
- არმაზ ახვლედიანი
- დავით ბაქრაძე
- თამარ ჩარკვიანი
- თამარ კორძაია
- სალომე სამადაშვილი
- შალვა შავგულიძე