პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება | ვინ ამბობს უარს და ვის სურს დაფინანსების მიღება

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 10-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსება სულ 14 პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, თუმცა მათგან 4 პარტიას ცესკოში განაცხადი არ წარუდგენია.

„14 პარტიიდან, რომელთაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი,  დაფინანსებაზე თანხმობა წარმოადგინა 10-მა პარტიამ. მათგან 2 საარჩევნო ბლოკია. ორივე ბლოკი ერთად 7 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. პარტიები, რომელთაც არ წამოუდგენიათ შესაბამისი თანხმობა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, აუდიტის სამსახური ვალდებულია, გააფრთხილოს საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე. აღნიშნულ პარტიებს სამდღიანი ვადა აქვთ საიმისოდ, რომ გაფრთხილების შემდეგ წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა. თუ ამ ვადაშიც ვერ წარმოადგენენ პარტიები თანხმობას,  დაკარგავენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას“, – ამბობს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

ცესკომ „პუბლიკას“ პარტიების ჩამონათვალიც მიაწოდა, რომელშიც 2021 წლისათვის პროპორციული სისტემით წინასწარი შედეგების საფუძველზე სავარაუდო დაფინანსების შესახებ პარტიების თანხმობაა აღნიშნული.

ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა:

  • „ქართული ოცნება“
  • „ევროპული საქართველო“
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზოცია ძალა ერთობაშია“, რომელიც აერთიანებს 5 პარტიას – „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“.
  • საარჩევნო ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“. აერთიანებს 2 პარტიას – „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „კანონი და სამართალი“
  • „პატრიოტთა ალიანსი“ (პარტიამ თანხმობა დღეს, 26 ნოემბერს წარადგინა)

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობს 2 ოპოზიციური პარტია – „მოქალაქეები“, „გირჩი“, რაც შეეხება „ლელოს”, მათი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ამ ეტაპზე არ მიუმართავს ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობის წარდგენისთვის ვადა პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა, კანონით, მათ სამი დღე კიდევ აქვთ თანხმობისთვის.

ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს აცხადებენ, ამბობენ, რომ დაფინანსებაზე თანხმობა ირიბად არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც უკვე წარადგინეს თანხმობა საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე.

პარტიები, რომლებსაც არ მიუმართავთ დაფინანსების მისაღებად

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია და ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების.

„გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა ცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და „ოცნების“ ეულად დატოვებას. მათ შორის, არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან წევრების გამოყვანას.

მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და „ოცნების“ სასარგებლოდ გაისროლეს”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

იმავე მოსაზრებას იზიარებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ის „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გაუგებარია, ერთი მხრივ, ბოიკოტის რეჟიმში იყო და, მეორე მხრივ, იმ ფულს მოითხოვდე, რომელიც ამ არჩევნების შედეგად გეკუთვნის.

„ეს ფული სწორედ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით ითვლება. გამოდის, რომ ირიბად აღიარებ ამ შედეგებს. თუ ბოიკოტს შევწყვეტთ, მაშინ გასაგები იქნებოდა განცხადების შეტანა, მაგრამ ერთდროულად ბოიკოტოც და საბიუჯეტო ფულის მიღებაც სწორად არ მიმაჩნია”, – ამბობს ის.

ამ ეტაზე დაფინანსების მოთხოვნით არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“. პარტიაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ საერთოდ არ აკეთებენ არანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც მიზეზები გვითხრეს და არც ის, ამ სამ დღეში წარადგენენ თუ არა თანხმობას.

„ლელოში” ამ ეტაპზე ამბობენ, რომ უარს აცხადებენ საპარლამენტო დაფინანსებაზე („ესაა ხელფასები, თუ სხვა, იმიტომ, რომ არ შედიან პარლამენტში”), ხოლო საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

„ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ დღეებში მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვექნება პოზიცია. ვაღიარებთ არა, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს არის შედეგი იმ ადამიანების, რომლებმაც პარტიას მისცეს ხმა. შესაბამისად, დაფინანსება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

რას ამბობენ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებსაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღება სურთ

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ დაფინანსების საკითხი არ არის კავშირში არჩევნების აღიარებასთან და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ არჩევნების შედეგები ცნო.

„მინდა, გითხრათ ასევე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი განსხვავებულად დგას კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხთან მიმართებით. პარტია დაფინანსებას,  რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს, იღებს 2017 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და ეს დაფინანსება გრძელდება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღემდე. ამიტომ, საერთოდ რომ არ ვყოფილიყავით ამ არჩევნებში, ეს დაფიანსნება მაინც უნდა გვქონოდა კიდევ ერთი წელი. კანონშია ჩაწერილი, რომ ყოველწლიურად პარტიები, მიმართავენ  ცესკოს, რომ მომდევნო წელს მიიღონ დაფინანება, საბიუჯეტო, რომელიც მათ ეკუთვნით. მე ეს დაფინანსება მეკუთვნის თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე და საერთოდ რომ არ ჩატარებულიყო ეს არჩევნები, ისედაც მეკუთვნოდა. მაინც იგივე ტექსტი უნდა მიმეწერა ცესკოსთვის. თანახმა ვართ, მივიღოთ 2021 წელს ჩვენთვის კუთვნილი დაფინანსება“, – ამბობს გოჩა თევდორაძე.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკიც.

შეკითხვაზე, არის თუ არა საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად  ცნობა, კანდელაკმა განაცხადა, რომ შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება.

„ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას [მაგ. ხელფასს]. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა [საბიუჯეტო დაფინანსება] ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის ორგანიზებისთვის, საზოგადოებასთან ერთად. შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა, რასაც „ევროპული საქართველოს“ სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა,  არ აკეთებს და არც გააკეთებს.“ – განაცხადა კანდელაკმა.

„სტრატეგია აღამაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2-თან“ განაცხადა, რომ დაფინანსებაზე უარის თქმა კიდევ უფრო დააზარალებდა პარტიას.

„პარტიული დაფინანსება ეს არის პროპორციული მიღებული მხარდაჭერის, კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ პარტიამ გააგრძელოს საქმიანობა და უფრო უკეთესად გაითვალისწინოს ამომრჩევლის ინტერესი. ამაზე უარი ახლა იქნებოდა ჩვენთვის თვითვიქტიმიზაცია, რომ კიდევ უფრო დავზარალდეთ და ზუსტად ეს უნდა ხელისუფლებას, რომ საერთოდ ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდეს და ასეთ საჩუქარს, რა თქმა უნდა, არ გავუკეთებთ ხელისუფლებას”, – ამბობს ჩიხლაძე.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ბოიკოტი გრძელდება და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. როგორც ის ამბობს, რომ არ გაყალბებულიყო არჩევნები, უფრო მეტი დაფინანსება ეკუთვნოდა პარტიას, ამიტომ არჩევნებთან ერთად ხელისუფლებამ დაფინანსებიც ნაწილიც მოიპარა.

„ერთადერთი წყარო პარტიებისთვის,  განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში, ეს არის დაფინანსება”, – ამბობს ჟურნალისტებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

„მას შემდეგ, რაც საქართველში შემოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თემა, პარტიები ვალდებულები არიან, ყოველ წელს 25 ნოემბრამდე განახორციელონ მიმართვა შესაბამის უწყებაში. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ყველა ბიზნესმენს ეკრძალება ოპოზიციასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა“, – ამბობს ის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 , ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.