„პარტიებსაც შეუძლიათ ფარული ჩაწერა. აპარატურა ყველას აქვს, გვარებიც ვიცი“ - მეუფე იაკობი

პუბლიკა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 6 მარტს გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, არ მოუსმენია ჩანაწერებისთვის და მიაჩნიათ, რომ ფარული ჩაწერის გავრცელების პრაქტიკა არ უნდა წახალისდეს.

„მე ვიცი, რომ კონკრეტულ პარტიებსაც შეუძლიათ ჩაწერა. ყველას შეუძლია. აპარატურა ყველას აქვს. გვარებიც ვიცი, ვისაც აქვს. ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს და პარტიებს არაოფიციალურად.“ – თქვა ბოდბელმა ეპიკოსპოსმა.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებს ის არასოდეს არ უსმენს და არც სხვა დროს მოუსმენია ფარულად ჩაწერილი საუბრები.

„არ მომისმენია და არც ვაპირებ, რომ მოვისმინო. ეს ტელევიზიები ისეთ რამეებს ავრცელებენ, რომ … პროცესებს რასაც ვუყურებ, არ ვინტერესდები. პოლიტიკური პარტიები რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, არ მაინტერესებს. ჩაწერები ბევრს ეხერხება. ჩანაწერებს არც სხვებზე არ ვუსმენ. მე სპეციალურად არ ვუსმენ ხოლმე ეგეთ რამეებს. უკანონო ჩანაწერს ვინც აკეთებს, რატომ აკეთებს? ეს არ უნდა წავახალისოთ. ერთხელ უკვე გადაჰყვა ამას ხელისუფლება“. – თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.