პარლამენტის წევრის და პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ დამფუძნებლის ლევან გოგიჩაიშვილის თანაგუნდელების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა. გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, პარტიის ყველა ლიდერი თვითიზოლაციაშია. ასევე, დროებით დაიკეტა პარტიის ორი ოფისი.
როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, გუნდის ყველა წევრს ტესტირება ჩაუტარდება, ხოლო „სოლიდარობის ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზას იღებს.
„ჩვენი პარტია, ბუნებრივია, პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა. აქვე გიდასტურებთ, რომ იმ ღონისძიებებში, რომელიც ბოლო პერიოდში „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ინიციატივით ჩატარდა: 6 სექტემბერს ქუთაისსა და გუშინ თბილისში, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა“, – აცხადებს პარტიის პრესსამსახური.