პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი - პრემიერი ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოსაყენებლად.

„უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. 

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს .

საოკუპაციო რეჟიმი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეო 16 ივლისს გაავრცელა.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.