„პასუხია არჩევნებით ევროპული სათქმელის თქმა" - პრეზიდენტი რუსულ კანონზე ელჩებს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიციირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა.

„როგორც შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიციირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.