პასუხისგებაში მიეცენ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები - ნინო ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. როგორც ნინო ლომჯარიას ჟურნალისტებთან განაცხადა, 5-6 ივლისს ორგანიზებულ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდათ თავიანთი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ ეძალადათ. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ პასუხისგებაში მიეცენ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები.

„მე ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა 5-6 ივლისს ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს ამის დასტური არის არაერთი განცხადება, რასაც ისინი საკუთარ მედიასაშულებებში, ასევე საჯარო სივრცეებში პირდაპირ აცხადებდნენ და მოუწოდებნენ ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე. შესაბამისად, მე მოვუწოდდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს,  დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ასევე სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ..[ამ მუხლით იხელმძღვანელონ]. პირდაპირ არსებობს მტკიცებულებები რომ ახლაც გამოიყენონ, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმით, ალექსანდრე ლაშქარავა ამ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია მომხდარზე, რადგან ისინი დღეების განმავლობაში ისმენდნენ ძალადობრივ მოწოდებებს. ნინო ლომჯარიას თქმით, 5 ივლისს არ გატარებულა შესაბამისი ღონისძებები.

„რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. მთელი ამ დღეების განმავლობაში ისინი ისმენდნენ ამ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოწოდებებს. 5 ივლისს არ გატარებულა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, ლექსოს თავს დაესხნენ „სირცხვილიას“ ოფისთან, სადაც იყო მაღალი ალბათობა, რომ მოხდებოდა თავდასხმა, თუმცა იქ არ იყო ადგილზე მობილიზებული პოლიციელები. ვფიქრობ, რომ ეს თავდასხმაც იყო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად“, – თქვა ლომჯარიამ.