პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არამედ მოსახლეობის - ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპზე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განცხადა, რომ ვაქცინაციის დაბალი მაშჩვენებელი, რეალურად და ცალსახად, მოსახლეობის პასუხისმგებლობაა და არა მთავრობის.

„გვაკრიტიკებენ, კრიტიკა არ გვაკლია. როცა ამბობენ, ვისი პასუხისმგებლობაა, რეალურად და ცალსახად, პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ? არ ვარ ტენდენციური. იმიტომ, რომ ჯანდაცვამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ვინმემ დამისახელოს, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა 5 დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის ყველაზე რეიტინგული „ფაიზერი“, გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი, მათ შორის მთელ საქართველოში. არის მობილური პუნქტები ავტობუსებში, ჯანდაცვის მესვეურები სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ამაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?!“, – განაცხადა თეენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია შეიძლება 1-2 თვით დაგვიანდა, მაგრამ ამას ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თითქმის 1 წელია ძლიერი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს და ამ პროცესში გადამწყვეტია ადამიანების განწყობა ვაქცინაციის პროცესის მიმართ.


დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცნობით, 30 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 333 296 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 46.4%-ია. მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 42.4%-ს შეადგენს.