ქართული ოპოზიციური პარტიები ვერშემდგარი შეთანხმების შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
„ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩადებული, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს. ამიტომ ჩემთვის, ჩვენთვის და ყველა მოქალაქისთვის ამას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დატვირთვა. სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე, მაშინ როდესაც ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში, მოლდოვის მსგავსად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ტექნიკური დახმარება და მთელი ფინანსური ასიგნებების ფარგლებში გადმოცემული ინვესტირება დემოკრატიის განვითარების კუთხით და კანონის უზენაესობის კუთხით, შეიძლება, შეჩერდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი პოლიტიკური დევნის დასრულება, რურუა-მელიას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები და რეფორმების განხორციელებაა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
„ასევე არის საუბარი აუცილებლობაზე რომ იმ ორ საკითხზე, ორ მნიშვნელოვან მოკლევადიან საკითხზე, რაც იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი 6-პუნქტიანი ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი – ეს არის როგორც ვადამდელი არჩევნების საკითხი, ასევე პოლიტპატიმრები – ამ ორ საკითხზე უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა კანდელაკმა.
მისი თქმით, ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ გაიზრდება როგორც ქვეყნის გარედან, ასევე შიგნით. მისი თქმით, ოპოზიციას აკისრია პასუხისმგებლობა, „არ გადააჩეხინონ ოცნებას ქვეყანა უფსკრულში“.
„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ევროპარლამენტარების გზავნილი ეხება საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების შემოსვლას და საქართველოს ისტორიულ კურსს.
„დღეს „ქართული ოცნების“ ინფანტილური, ბავშვური ქედმაღლობის და სიჯიუტის გამო ჩვენ ვნახეთ, რომ პირველად ისტორიაში ევროპარლამენტის ყველაზე მეგობრული წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ევროკავშირის და საქართელოს ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშაა იმიტომ რომ „ოცნებამ“ ძალისხმევა არ გამოიძინა კრიზისის გადასაჭრელად“, – განაცხადა გეგელიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ყველაფერზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.
„გასაგებია, რომ ორივე მხარე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, მაგრამ მათ განცხადებებში პირდაპირაა ნათქვამი, რომ უპირატესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლება აცხადებს და გუშინ კიდევ დაადასტურა პრემიერმა, რომ არ აპირებენ მოლაპარაკების გაგრძელებას“, – თქვა ჩიხლაძემ.
1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.
7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.