პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა და დატოვოს თანამდებობა - „მწვანეები“

პუბლიკა

მოძრაობა „მწვანეები“ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მედიით გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ახალგაზრდა კაცს სცემს.

მათი განცხადებით, დღევანდელ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და დატოვოს თანამდებობ. „მწვანეების“ თქმითვე, მკაცრად უნდა დაისაჯოს დამნაშავე პოლიციელი. მოძრაობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ვიხილეთ სრულიად შემზარავი კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ძალადობს პოლიციელი შშმ პირზე. ეს არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტება ხდება, რომელიც, ხშირად, სრული უგულვებელყოფით ანდაც საქმის “ჩაფარცხვით” სრულდება. ისე, რომ დამნაშავე პოლიციელი პასუხს არ აგებს.

ჩვენ, ბოლო ათწლეულებია სწორედ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ძალოვან უწყებებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ. ისინი აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას, გვისმენენ და გვაყურადებენ, არბევენ ჩვენს აქციებს, ძალადობენ აქტივისტებზე, აშანტაჟებენ და აპირისპირებენ საკუთარი გარემოს დასაცავად გამოსულ ადგილობრივ თემებს, მუდმივი დაშინების ქვეშ ამყოფებენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი საბაბი პოლიციური და რეპრესიული რეჟიმის დასრულება იყო. თუმცა ამის შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა, პირიქით მჩაგვრელი სისტემა გამყარდა და ნორმალიზდა. ძალოვანი სტრუქტურები კვლავ პარტიულ დაკვეთებს ასრულებენ და ხალხის ნაცვლად მმართველი პარტიის ინტერესებს იცავენ.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის და მათ შორის მკვლელობის. ამ სისტემამ მოკლა ლუკა სირაძე, ამ სისტემამ მოკლა დემურ სტურუა, ამ სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი, და კიდევ მრავალი.

წარმოუდგენელია ამ დონის ყოველდღიური ძალადობის ფონზე ცხოვრების გაგრძელება. პოლიცია და პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამის საწინააღმდეგოა – პოლიცია თავადაა საფრთხე.

აქედან გამომდინარე, მწვანეებს მიგვაჩნია, რომ დღევანდელ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და დატოვოს თანამდებობა, ასევე მკაცრად უნდა დაისაჯოს დამნაშავე პოლიციელი. ამასთანავე, აუცილებელია დაიწყოს რეფორმა, რომელიც შეამცირებს ძალოვანი სტრუქტურების გავლენას და იარსებებს ქმედითი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ნებისმიერ მსგავს შემთხვევას მიუკერძოებლად გამოიძიებს და არავინ იდგება კანონზე მაღლა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

ვიდეომასალაზე ასახულია, რომ პოლიციელს მოქალაქე შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემის ვიდეოკადრებზე მოკვლევა დაიყო და მასალები უკვე გადაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

მათივე ცნობით, იქსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.