პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, გვაცადეთ მუშაობა - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მისი მედპერსონალი ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღიჭურვონ და როგორ იმოქმედონ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობის დროს. ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების საფრთხის წინაშე ნებისმიერი მათგანი დგას.

„ვირუსს, რომელსაც ამ კლინიკაში ვებრძვით და ნებისმიერ კლინიკაში ებრძვიან ამ ვირუსს ექიმები და მედპერსონალი, არცერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე მათ შორის, რომ არ დავინფიცირდებით, რომ არ დავმძიმდებით, რომ არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ ნებისმიერ მათგანს, გვაცადეთ მუშაობა. ჩვენ თქვენ გემსახურებით”, – განუცხადა რატიანმა ჟურნალისტებს.