„კვლავ ვთვლით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ღრმად პრობლემურია, შეუსაბამოა EU-ის მისწრაფებებთან” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
პატელს შეკითხვა დაუსვეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც, რაზეც მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე პროტესტს.
„რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს უბიძგებს და ძალადობრივ სახეს მისცემს.
ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ. კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ანადგურებს მედიაორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა”, – ამბობს პატელი.