პატელი: საქართველოს მთავრობის ახლანდელი აქტივობა მის გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ახლანდელი ქმედებები არ შეესაბამება მის გაცხადებულ მიზნებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.

„არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრებასურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში გაწევრება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება”. – თქვა ვედანტ პატელმა საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, არ აპირებს, ისაუბროს აშშ-ის შესაძლო ქმედებებზე იმ შემთვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს დაამტკიცებს – პატელის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.

გარდა ამისა, სახ.დეპ-ის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებით, აქვთ ცნობები თბილისში დაკავებული 2 ამერიკელი მოქალაქის შესახებ.

„როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია”. – თქვა ვედანტ პატელმა.