თბილისის საქალაქო სასამართლომ „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
პროკურორის შუამდგომლობის მიხედვით, არსებობს ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია პატიმრების გაქცევის ფაქტი. პროკურორის განმარტებით, ივერი ნატრიაშვილი იჯდა მანქანის წინა სავარძელზე და ტელეფონზე საუბრობდა. მან განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები უმეთვალყურეოდ დატოვა.
დაკავებულის ადვოკატი ინგა შარაშენიძემ სასამართლოში თქვა, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობითი დანაშაული. ადვოკატის თქმით, დაკავებული თავად მივიდა ჩვენების მისაცემად საგამოძიებო ორგანოში.
ბადრაგი, ივერი ნატროშვილი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.
კლინიკიდან სამი პატიმარი 1 ნოემბერს გაიქცა. სამივე მათგანი დაკავებულია.