„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ ვალერი გოზალიშვილის მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატი 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
23 წლის ოფიცერმა, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის გარდა სტუდენტია, სხდომაზე განაცხადა, რომ ნანობს მომხდარს და რომ მან ვერ დაინახა პატიმარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მიუახლოვდებოდა პატიმარს და საფრთხეში არ ჩააგდებდა კლინიკაში მყოფ პირებსა და პატიმარს.
წინასასამართლო სხდომა 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი გურამ სვანიძის დაჭრის საქმეზე გუშინ დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა.
ოფიციალური ბრალდებით, ვალერი გოზალიშვილი საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა, მან უმეთვალყურეოდ დატოვა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.
გამოძიების ვერსიით, გურამ სვანიძე ოფიცერს მიეპარა და იარაღის შესანახი ბუდიდან, ე.წ. კაბურიდან ამოაცალა იარაღი, სამჯერ გაისროლა, ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.
დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა უარესდება.
„ძალიან მძიმედაა, კრიტიკულია და ცუდისთვის შემამზადეს“, – აცხადებს დედა, ნათია შენგელია „რუსთვის 2“-თან საუბრისას.