პატიმრობა შეეფარდა მიხეილ ლეშკაშელს, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს

პუბლიკა

მიხეილ ლეშკაშელს, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

TV პირველის ცნობით, მიხეილ ლეშკაშელმა სხდომაზე განაცხადა, რომ აცნობიერებს კანონდარღვევას, რაც გაცნობიერებულად არ ჩაუდენია. მისი თქმით, არის კანონმორჩილი და „ასე ზრდის თავის შვილებს, საქართველოს სიყვარულით, ხალხის სიყვარულით და დიდი პატივისცემით ხელისუფლების მიმართ“.

„მე ვიცოდი, რომ არ იყო დარეგისტრირებული, ხალიჩაზე ეკიდა. მეგონა, მამას რომ ჰქონდა ნებართვა, არ იყო სხვა საჭირო. დედაჩემმა ჩამოიტანა და დაკიდა.

სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას და იმ კანონდარღვევას, რომელიც ჩავიდინე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს განზრახ არ ჩამიდენია, გულგრილობით მომივიდა, არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია, არც კრიმინალი ჩამიდენია, ცხოვრებაში კონფლიქტი არ მქონია, არ მყავს მტრები, ყოველთვის კანონმომრჩილი ვიყავი და ასე ვზრდი ჩემს შვილებს, საქართველოს სიყვარულით, ხალხის სიყვარულით და დიდი პატივისცემით ხელისუფლების მიმართ.

ეს არ იყო განზრახ ჩადენილი. რაც შეეხება იარაღს, ეს იარაღი დიდი ხნის წინ გვაჩუქეს. ახლა გადავდიოდი სხვა შენობაში. ეს იარაღი იყო ნიკოლაძეზე. ამ ბინიდან ბანკმა გამომასახლა და იარაღი იქ ინახებოდა. ის იარაღი დიდ კარადაში იდო, დედა რომ მოკვდა, კარადის თავზე შემოვდე.

ჯერ ხალიჩაზე ეკიდა, როცა დედა ცოცხალი იყო, 2021 წელს დედა რომ გარდაიცვალა, ჩამოვხსენით და კარადაზე შემოვდეთ მამის სამახსოვროდ“. – თქვა ლეშკაშელმა TV პირველის მიხედვით.

პროკურორის თქმით, 2 სექტემბერს ბრალდებული აქციის მიმდინარეობისას გადაადგილდებოდა რუსთაველისა და ჭანტურიძის ქუჩების მიმდებარედ.

იყო თუ არა აქციის მონაწილე და რა მიზნით გადაადგილდებოდა, პროკურორის თქმით, ამას გამოძიება დაადგენს.

ბრალდებულის ოჯახის წევრი TV პირველს ეუბნება, რომ ლეშკაშელი აქციის მონაწილე არ ყოფილა და აქციებზე არ დადიოდა.

პროკურატურამ მიხეილ ლეშკაშელს ბრალდება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვის (236-ის პირველი ნაწილი) მუხლით წარუდგინა.