„ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს”, – ამის შესახებ ნათქვამია 5 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. გთავაზობთ განცხადებას:
„კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას. კერძოდ, ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. მითუფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვუწოდებთ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
- ღია საზოგადოების ფონდი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.