პატიმრობის გაუქმებაზე სადიგოვის საჩივარი სააპელაციომ განუხილველი დატოვა - უფლებები საქართველო

პუბლიკა

„უფლებები საქართველო”, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე საჩივარი სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო „უფლებები საქართველოს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლემ, ქეთავან ჯაჭვაძემ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი 3 აგვისტოს დააკავეს.

უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა.

სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.

დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.

ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.

ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.