პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ უნიჭო სცენარს დღევანდელი კინოცენტრის კომისიაც კი დაიწუნებდა - „ქართული კინო საფრთხეშია"

პუბლიკა

„ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია, – მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია” ეხმაურება „ტრენინგების საქმეს” და მას კრიტიკული აზრის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს. გთავაზობთ განცხადებას:

„კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი, მსახიობი თინა ლაღიძე და კინომცოდნე ნინო შველიძე ტრენინგებზე დასწრების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყების ვერსიით, თითქოს ჩვენს 20-მდე კოლეგას – რეჟისორებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს – საგანმანათლებლო კურსზე „ქვეყნის ჩამოშლა“ ასწავლეს. სუს-ში ყოველდღიურად იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მსოფლიოს აცნობენ ჩვენს თანამედროვე კულტურას.

პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ უნიჭო სცენარს დღევანდელი კინოცენტრის კომისიაც კი დაიწუნებდა. ხელოვანები ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ ის, რაც ჩამოშლის პირასაა – დაწყებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე ხელოვნებით დასრულებული. კულტურის მინისტრი საბოტაჟს უწყობს ეროვნულ კულტურას და გირჩევთ, გამოკითხვაზე პროფესიონალების დაბარების ნაცვლად, მისი საქმიანობით დაინტერესდეთ. ნუთუ, არ კმარა განადგურების პირას მიყვანილი ძეგლები, წაგებული შრომითი დავები, თავისუფლებაწართმეული ინსტიტუციები, გაფლანგული ბიუჯეტი, შეჩერებული სამეცნიერო კვლევები და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები?

ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია. მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კულტურის სფეროებში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა არ ეხებათ მხოლოდ ხელოვანებს, იგი მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას. თუმცა, ამაოდ. რუსული მეთოდები ამ ქვეყანაში არ მუშაობს და ვერ იმუშავებს.

სოლიდარობა ჩვენს ღირსეულ კოლეგებს‼️
ბოიკოტი კონფორმიზმს!!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.

უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს არავითარი კავშირი გადატრიალებასთან არ ჰქონია.  მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.