კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის” საქართველოს ხელისუფლეას მიმართავს და მოუწოდებს, „პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და უარი თქვას რიტორიკაზე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება”. გთავაზობთ განცხადებას:
„კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის” შეშფოთებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის ირგვლივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილთან აკავშირებენ.
მსგავს რიტორიკას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და წარმოადგენს საფრთხის შემცველ დეზინფორმაციას, რომელიც ომის შიშით მანიპულირებს და საქართველოს მოქალაქეების დასავლური არჩევანის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. სწორედ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია დასავლურ არჩევანზე „პრაგმატულად“ უარის თქმა და 2008 წლის ომის შემდეგ „ახალ რეალობასთან მორგების“ აუცილებლობაში ჩვენი საზოგადოების დარწმუნება.
ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რომლის მიღწევისთვის ჩვენს საზოგადოებას დიდი ფასი აქვს გადახდილი. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობიერებულად ასოცირდება ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, დემოკრატიულ განვითარებასა და – რაც მთავარია – თავისუფლებასა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასთან. მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი ჩვენი ეროვნული ამოცანის – თავისუფლებისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.
დაუშვებელია დასავლური ღირებულებების აღრევა, მიზანმიმართულად დამახინჯება და მოსახლეობისთვის მცდარი სახით მიწოდება. აღნიშნული ტენდენცია საქართველოში განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფების მიერ. თუმცა დღეს – უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობის ფონზე – მედია წყაროებისა თუ მმართველი ჯგუფებისგან პოლარიზების, მცდარი ინფორმაციის ინიცირების, წახალისებისა და მხარდაჭერის ფაქტები განსაკუთრებით დამაზიანებელია.
„ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა და განცხადებები ხშირად არაზუსტი და დეზინფორმაციულია. ამგვარი განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის ურყეობას.
საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ცხადი და პირდაპირი გზავნილებით მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებისკენ.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა არ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ, ვიწროპარტიული ამოცანების მისაღწევად და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და უარი თქვას რიტორიკაზე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია განცხადებაში.