17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
ამის სადემონსტრაციოდ სასულიერო პირები ტოიოტა ჰაილუქსების, G კლასის მერსედესებისა და ბაიკების კოლონის თანხლებით დედაქალაქის ქუჩებს ნაკუთხ წყალს ასხამენ.
„ამით კათოლიკოს-პატრიარქი ოჯახის სიწმინდესაც აყენებს შეურაცხყოფას იმიტომ, რომ ლოცვა, მარხვა, რელიგიური რიტუალები არ შეიძლება, ხელკეტად გამოიყენო ვინმეს წინააღმდეგ“, – ამბობს „ტელეკომპანია პირველთან“ ყოფილი დეკანოზი, თეოლოგი ბასილ კობახიძე.
ის ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და იხსენებს ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი სროლის ფაქტს. როდესაც ჟურნალისტები მივიდნენ და ცდილობდნენ შეკითხვების დასმას, „სასულიერო პირმა მამაო ჩვენოს ყვირილი დაიწყო და ასე გაყარა ისინი. განა შეიძლება მამაო ჩვენოს ხელკეტად გამოყენება?“ – ამბობს კობახიძე.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიას ძალაუფლების განსამტკიცებლად მტრის ხატი ესაჭიროება და ასეთად ყველაზე დაუცველ უმცირესობას ირჩევს.
„ყოფითი, შავი გაგების ჰომოფობია მათ რელიგიურ-პატრიოტულ ჰომოფობიად გადააქციეს“, – ამბობს კობახიძე.