„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ „იმედთან“ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში არ შევა და მანდატებზე უარს იტყვის.

„ამ არჩევნების შედეგებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებთ. უფრო მეტიც, ვაპირებთ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას. არჩევნების შედეგები უნდა ცნონ ბათილად და გაიმართოს განმეორებითი არჩევნები“, – განაცხადა მან.

გუშინ ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც გაანაცხადა. მისი თქმით, არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.

„მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!”, – ამბობს ინაშვილი.

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხდა „ევროპულმა საქართველომ“.

„ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება: „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში, “- განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დღის ბოლომდე ცნობილი გახდება „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პოზიციაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ თავისი პარტიისთვის სრული ოპოზიციური კონსენსუსია მნიშვნელოვანი.