„პატრიოტთა ალიანსის" ბანერი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს - ISFED-ის იურისტი

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” (Isfed) იურისტის ნინო რიჟამაძის შეფასებით, ბათუმი-სარფის გზაზე „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს.
მისივე თქმით, ორგანიზაცია აპირეს, რომ როცა პროცედურულად ამის შესაძლებლობა იქნება, მიმართოს ცესკოს ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით. გთავაზობთ (isfed) იურისტის facebook-პოსტს:

„ეს ფოტო გუშინ გადავიღე ბათუმი-სარფის გზაზე, საქართველო-თურქეთის საზღვრიდან სადღაც 5-10 კილომეტრში.
პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში ანტითურქული რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ ეს ბილბორდი იმ კონკრეტულ ადგილას შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს. პარტიის მიერ წინასაარჩევნო მოწოდებებისას შუღლს გაღვივება აკრძალულია.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია ვალდებულია ოფიციალური კამპანიის დაწყების შემდეგ, მისი სააგიტაციო მასალის (პლაკატების, ბანერების და სხვა) ასლები წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი რეკვიზიტების ჩათვლით (ტირაჟი, დამკვეთი, შემსრულებელი და.აშ.). ოფიციალურად კამპანიის დაწყებამდე, ცესკო ან საოლქო კომისია ამ ბილბორდის კანონიერებას ფორმალურად ვერ შეისწავლის.

შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებისთანავე ვაპირებთ მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით”, – წერს ნინო რიჟამაძე.