„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ბჟანიას თანაშემწე გადადგა

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე, ლაშა საყანია ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

„ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დაძაბულობის ასაცილებლად, მივიღე გადაწყვეტილება, საკუთარი სურვილით გადადგომაზე განცხადება დავწერო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავ“, –  წერს ლაშა საყანია.

*******

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე და „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლაშა საყანიამ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავთან სოხუმში არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ გამართულა და ეს ჰუმანიტარული ხასიათის სტუმრობა იყო.

ლაშა საყანიას კომენტარს საინფორმაციო სააგენტო apsadgil.info აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, მას მიმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და სთხოვეს თანადგომა ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად. მისივე თქმით, მის რუს მეგობრებს ამაში დახმარება დავით თარხან მოურავმა სთხოვა.

ლაშა საყანია ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით ესტუმრნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფხაზეთს. მათ ხატი ჩაიტანეს, რის შემდეგაც, საყანიას თქმით, ადამიანებმა ილოცეს და სტუმრობა ამით დასრულდა.

ინფორმაცია „პატრიოტების“ აფხაზეთში გადასვლის შესახებ 20 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

არხის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათი დაჰყვეს. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისთვის დატოვეს.