აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ შემწირველების სიის შესწავლისას, დამატებითი განმარტებისთვის გასაუბრებაზე დაიბარეს 12 შემწირველი, თუმცა მათგან ჯერ 2 გამოცხადდა.
აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შემწირველებით გენერალური პროკურატურიდან შემოსული მასალების და მედიაში გასული ინფორმაციის მიღების შემდეგ დაინტერესდნენ.
„საქართველოს გენერალური პროკურატურიდან შემოსული მასალების, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დაფინანსებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, დაიწყო მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ.
ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან შემომწირველი პირების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის მოწვეულ იქნა 12 პირი, თუმცა შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, დღევანდელი მდგომარეობით, გამოცხადდა მხოლოდ 2 შემომწირველი.
ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების ჩატარებას მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დანარჩენი შემომწირველების ფინანსების შესწავლის მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.
„დოსიეს“ მიხედვით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები გენერალ ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან. ეს არის სამუშაო ფინანსური დოკუმენტები და ანგარიშები. სწორედ ამ დოკუმენტებში ფიგურირებს „პატრიოტთა ალიანსი“.
„დოსიეს“ ინფორმაციით, შედგენილია 4-თვიანი ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ „პატრიოტთა ალიანსისათვის“. საუბარია 8 430 625 აშშ დოლარზე, რომლითაც უნდა დაფინანსდეს წინასაარჩევნო კამპანია. პარტიისთვის დაქირავებულია კომპანია POLITSECRETS და პოლიტიკური პიარტექნოლოგი სერგეი მიხეევი. როგორც „დოსიე“ წერს, თავად მიხეევს ხელმძღვანელობს გენერალ ჩერნოვის ხალხი – FSB სარეზერვო პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და GRU ოფიცერი ვალერი ჩერნიშიოვი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო: „მე არ ვიცი, ეს რა სააგენტოა – რუსეთში ასობით ასეთი სააგენტო არსებობს და სააგენტო „დოსიეს“ მიერ შეთხზული ე.წ. ინფორმაცია ან გამოტანილი დასკვნა არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს ფაქტად“. თუმცა მანვე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნამდვილად თანამშრომლობს პარტია რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან და ასეთი მათ 4 კომპანია ჰყავთ.