აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე და „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლაშა საქანია ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავთან სოხუმში არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ გამართულა და ეს ჰუმანიტარული ხასიათის სტუმრობა იყო.
ლაშა საქანიას კომენტარს საინფორმაციო სააგენტო apsadgil.info აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, მას მიმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და სთხოვეს თანადგომა ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად. მისივე თქმით, მის რუს მეგობრებს ამაში დახმარება დავით თარხან მოურავმა სთხოვა.
ლაშა საქანია ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით ესტუმრნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფხაზეთს. მათ ხატი ჩაიტანეს, რის შემდეგაც, საქანიას თქმით, ადამიანებმა ილოცეს და სტუმრობა ამით დასრულდა.
„ვაცხადებ, არავისთან არავითარი მოლაპარაკება არ გვქონია. ეს იყო წმინდა ჰუმანიტარული ქმედება, რაზეც რუსეთიდან ჩემმა მეგობრებმა მკითხეს, ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, გულწრფელად გვჯერა, რომ ხატის ჩუქება ღვთიური და კარგი საქმეა“. – ამბობს კომენტარში ლაშა საქანია.
მისივე თქმით, ფაქტი შეგნებულად არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ ღონისძიებას არ ჰქონოდა ოფიციალური სტატუსი.
„პატრიოტთა ალიანისის“ წევრები აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან ამ დრომდე არ აკეთებენ.
ინფორმაცია „პატრიოტების“ აფხაზეთში გადასვლის შესახებ 20 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
არხის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათი დაჰყვეს. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისთვის დატოვეს.
„მთავარ არხს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნა დაუდასტურა პირმა, რომელიც აცხადებს, რომ ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი განმუხურში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
„პუბლიკა“ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან დაკავშირებას ცდილობდა. პირად ტელეფონზე ზარს მათი თანაშემწე პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის აფხაზეთის გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„პუბლიკა“ საგანგებო სიტუაციები სკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც დაუკავშირდა. ცენტრი საკარანტინო ზონებში ადამიანების განთავსებაზეა პასუხისმგებელი. შეკითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა განმუხურში საკარანტინო ზონაში ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი, გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.
„მთავარი არხი“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, გიორგი ლომიასაც ესაუბრა. ლომიამ განაცხადა, რომ ამჟამად დავით თარხან-მოურავი აჭარის რეგიონში იმყოფება.