„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსმა“ სადეპუტატო მანდატის შეჩერების შესახებ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

„პატრიოტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის მაგალითად ინაშვილს „გადასწორებული ოქმები“ მოჰყავს.

„ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ამ განცხადებას შევიტანთ პარლამენტში, მანდატებს ვტოვებთ“, – განაცხადა ინაშვილმა.


მანდატზე უარის შესახებ პარლამენტს უკვე მიმართეს ბლოკებმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშიამ“ , „სტრატეგია აღმაშენებელმა“; „ლელომ“, „ლეიბორისტებმა“, „ევროპულმა საქართველომ“, ზურაბ ჯაფარიძემ.

„მოქალაქეები“ მოლაპარაკების პროცესის დასრულებას ელოდებიან, თუმცა ბოიკოტში მონაწილეობენ. „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში არ შევა პარტია, თუ არ შეგროვდება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატი.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების V რაუნდი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე 4 მთავარი მოთხოვნაა წარდგენილი: ახალი არჩევნების დანიშვნა ან პლებისციტი ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე; ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება; საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და ხმის მიცემის პროცედურების დახვეწა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათთვის „წითელი ხაზია“, ხოლო პატიმრები სამართლებრივი საკითხია, რაზეც გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბოტაჟის წინააღმდეგ“ კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.