„პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში დაგეგმილი აქცია გააუქმა

პუბლიკა

„ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭომ იმსაჯელა და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება,რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი განაცხადა. მისი თქმით, აქციის გაუქმების გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით მიიღო.

„დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ ბრალდებები, თითქოს და სხვებთან ერთად ვმოქმედებთ ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც აფსურდია. ყველას მოეხსენება, ამის გამო გადავიტანეთ მიტინგი ქუთაისში“, – თქვა მან.

ირმა ინაშვილის თქმით, მან პირად „პლანშეტზე“, მიიღო ხმოვანი გზავნილი უცნობი პირისგან, რომელიც ინტერესდებოდა როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. მისი თქმით, უცნობი პირი ამბობს, რომ მისი სახელი და გვარი არის საიდ ახმედი, გროზნოდან. ირმა ინაშვილის განმარტებით, ის ამ ადამიანს არ იცნობს და ვარაუდობს, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა.

„ამავდროულად, ჩემს პლანშეტზე, რომელსაც მე ფეისბუქისთვის ვიყენებ, მინდა გაჩვენოთ მომდის ასეთი გზავნილები. კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ცხადია, თქვენ ხვდებით, არც საიდ ახმედს ვიცნობ და საერთოდ არავისთან არ მაქვს მე კონტაქტი.

ეს ვინმე საიდი ახმედი მესაუბრება თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. კიდევ ერთხელ ვახმაურებ, მე არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ. ეს გზავნილი, რომელიც მე მივიღე გამოქვეყნდება მედიაში და ხაზს ვუსვამ, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია“, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ იღებს რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე. მთელი პასუხისმგებლობით ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ჩვენ ვაკისრებთ „ქართულ ოცნებას“ რომელმაც სამარცხვინო გაყალბება აჩვენა და თვითონ გამოიწვია ეს კრიზისი ქვეყანაში“, – თქვა ინაშილმა.