„პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირი მოლაპარაკება არ მქონია - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი

პუბლიკა

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, პარტია „აფხაზეთის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საქანია, რომელიც ასევე ასლან ბჟანიას თანაშემწეცაა,  აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციის ინფორმაციას გამოეხმაურა.

„არუაას“ ცნობით, შეიტყვეს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა გალის რაიონში  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანამშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს.

ლაშა საქანია Апсадгьыл-инфо-სთან საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ის მოსკოვში იმყოფება აფხაზეთის სახალხო ფრონტის თანათავმჯდომარე ალექსანდრე აგბასთან და ბესლან აგბასთან ერთად.

„შეშფოთებული ვარ, ცდილობენ, ჩირქი მომცხონ და შექმნან ფონი, თითქოს სამშობლოს მოღალატე ვარ ქართული მედიის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამო.

პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ ყოფილა არც როგორც ჩემი, როგორც პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსით და არც პარტიის თავმჯდომარის სტატუსით“, – ამბობს ლაშა საქანია.


აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“  აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერის, ირმა ინაშვილის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მიმართვის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც, 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანამშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ უახლოეს მომავალში არ გავრცელდება ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, მიმართონ ოფიციალურად შესაბამის სტრუქტურებს, რათა დაადგინონ ამ შეხვედრის მიზეზები და გამართონ მოსმენები შესაბამის კომიტეტში“. – ნათქვამია „არუას“ განცხადებაში.


ინფორმაცია „პატრიოტების“ აფხაზეთში გადასვლის შესახებ 20 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

არხის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათი დაჰყვეს. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისთვის დატოვეს.

„მთავარ არხს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნა დაუდასტურა პირმა, რომელიც აცხადებს, რომ  ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი განმუხურში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

„პუბლიკა“ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან დაკავშირებას ცდილობდა. პირად ტელეფონზე ზარს მათი თანაშემწე პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის აფხაზეთის გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„პუბლიკა“ საგანგებო სიტუაციები სკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც დაუკავშირდა. ცენტრი საკარანტინო ზონებში ადამიანების განთავსებაზეა პასუხისმგებელი. შეკითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა განმუხურში საკარანტინო ზონაში ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი, გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.  

„მთავარი არხი“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, გიორგი ლომიასაც ესაუბრა. ლომიამ განაცხადა, რომ ამჟამად დავით თარხან-მოურავი აჭარის რეგიონში იმყოფება.