პატრონის მიერ მოურავის კვლავ გაპრემიერება საზოგადოებასთან მტრობა და ომის გამოცხადებაა - ბერძენიშვილი

პუბლიკა

„პატრონის მიერ მოურავის კვლავ გაპრემიერება საზოგადოებასთან მტრობა და ომის გამოცხადებაა!“, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში,  „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ წარადგინეს.

„ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, მან 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2013 წელს კი პრემიერ-მინისტრი გახდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მან 2015 წელს დატოვა და დროებით პოლიტიკიდანაც წავიდა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და 2019 წელს თავდაცვის მინისტრი გახდა.