პატრუშევი: 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელებმა მოაწყვეს

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აგვისტოს ომთან დაკავშირებით იმეორებს მმართველი პარტიის ნარატივს და საუბრობს „2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტიურაზე”, თუმცა აქვე ამატებს, რომ ეს ამერიკელებმა „მოაწყვეს”.

„ტყუილები და პროვოკაციები ვაშინგტონისა და დასავლური ქვეყნების პოლიტიკის თანმხლებია. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა”, – განაცხადა მან.

გუშინ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”.