ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება.
განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში“. – განაცადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.
თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement). სამწლიანი პროგრამა სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. IMF-მა 2023 წლის ივლისში ტრანშის მეორე ნაწილის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა და განხილვა “გადადო”. მიზეზი უცნობია.
IMF-ის პროგრამის შეჩერება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გაუარესდება საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი.
14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სანქციების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები გაყინა.
თუმცა, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.
19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღშრულების წესი შეცვალა, შესაბამისად, საბანკო ანგარიშები ოთარ ფარცხალაძისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდა.
სებ-ის მიერ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.