პავილიონისი: ეს ძალიან საბჭოურია - ვინც აკრიტიკებს მთავრობას, შეხვედრებს ვერ იღებს

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი „საბჭოურს“ უწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიდგომას, არ შეხვდნენ მათ, ვინც მთავრობას აკრიტიკებს.

ასე გამოეხმაურა ის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან განმარტა, რატომ უთხრა უარი შეხვედრაზე ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას.

„ეს ძალიან საბჭოურია – ფაქტობრივად ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ შევნიშნე: ვინც კი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, შეხვედრებს ვერ იღებს. აქ ჩამოვდივარ, არ ვიცი რამდენჯერ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგრამ შეხვედრები არ არის. შესაძლოა, ერთადერთი გამონაკლისი იყო, როცა შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მაგრამ ჩვეულებრივად, თუ აკრიტიკებ, მორჩა. ეს საბჭოთა მიდგომაა“, – განაცხადა პავილიონისმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.  პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს.

პაპუაშვილმა წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს, აღნიშნა, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.