პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი, როგორც მედიატორის როლი დააზიანა - ლიეტუვის პრეზიდენტი

პუბლიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ზიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი მათ მიერ მიზნის შესაბამისად არ წარიმართა და ლიეტუვის რეპუტაცია, სავარაუდოდ, შეილახა კიდეც.

„ზიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის შემდეგ მე იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი, როგორც მედიატორის როლს საქართველოში ზიანი მიადგა“, – განაცხადა ნაუსედამ ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კრიზისის განმუხტვაში დახმარება თავადაც შესთავაზა. „თუმცა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არ შევქმნათ დაბრკოლებები“, – თქვა ნაუსედამ.

პრეზიდენტის კომენტარს Facebook-ზე გამოეხმაურა თავად პავილიონისი, რომელიც წერს, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო წერილი, რომელიც უშუალოდ ნიკა მელიასგან მიიღო და მიაჩნია, რომ სიმართლის მხარესაა. პავილიონისი მადლობას უხდის თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის, იმედოვნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები გაიმარჯვებს, ხოლო პრეზიდენტს მელიას მიერ მათთვის მიწერილი წერილი მაინც დააფიქრებს.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს თავის ქვეყანაში ოპოზიციაც დაუპირისპირდა. სეიმის წევრი სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ პავილიონისის კომენტარები საქართველოში ვიზიტისას არ შეესაბამებოდა დიპლომატიურ ენას და თანამდებობა უნდა დატოვოს.

თუმცა, პავილიონისი დაიცვა სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნისლენმა. „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა გადადგეს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პავილიონისი. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს შეიძლება არ მოეწონათ ის, რაც მან საქართველოში ყოფნისას თქვა, ან მიიჩნია, რომ ის არ იყო საკმარისად დიპლომატიური“, – განაცხადა ადგილობრივი რადიოს LRT RADIO-თან ინტერვიუში სეიმის სპიკერმა.