„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან კონტაქტი 12 დღის წინ ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩაიტარა ტესტირება და პასუხების მიღებამდე იზოლაციაში დარჩება. ვაშაძე წერს, რომ გამოიკვლევენ ჩარკვიანთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს.
„1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;
2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;
3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;
4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;
5. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;
6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;
7. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა“, – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.
„მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ არის, მაგრამ 2 სექტემბერს ვიყავი ერთ-ერთ გადაცემაში და მიკროფონი, რომელიც ეკეთა ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს, შემდეგ ნამდვილად მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, ის მეორე მხარეს გავიდა და მე მეორე მხარეს“, – განმარტავს პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი მის დაინფიცირების სავარაუდო წყაროს შესახებ.
მისი თქმით, მას არატიპიური სიმპტომები ჰქონდა. ჩარკვიანის განცხადებით, თავიდან ხველება მას არ ჰქონია.
„შემდეგ ხველა ძალიან გამიმწვავდა. გუშინწინ სასწრაფო მყავდა, მაღალი სიცხე არ დამიფიქსირდა, 37.3 მქონდა მაგ დროს. ჩემთან ერთი ძალიან დიდი პრობლემაა, მე მყავს დედა, რომელთანაც ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს“, – ამბობს ჩარკვიანი.
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანმა, რამდენიმე საათის წინ, პირად Facebook-გვერდზე დაწერა.
თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია. 27 ივლისს კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელ გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ჯამი დღევანდელი მონაცემებით 1917-ია.