პედაგოგები განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავენ და მოითხოვენ, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებული დაპირება 2024 წლის იანვრიდან შევიდეს ძალაში.
პედაგოგების განცხადებით, გუშინ პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელფასი მოიმატებს 2024-25 სასწავლო წელს, ანუ სექტემბრიდან.
„მოვითხოვთ, 2024 წლის იანვრიდან მოგვემატოს ხელფასები, ისევე, როგორც ეს ემატება სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ამ დროისთვის რამდენიმე ათეული პედაგოგი აწერს ხელს.
მიმართვის ინიციატორის, პედაგოგ თამარ ცანავას თქმით, ხელმოწერების შეგროვების დასრულების შემდეგ პედაგოგები წერილს ოფიციალურად მიიტანენ სამინისტროში .
ამავე თემაზე ვრცელდება პეტიცია და პედაგოგები ხელფასის ზრდას იანვირიდან ითხოვენ.
გიორგი ამილახვარმა პედაგოგების ხელფასის ზრდაზე არაერთხელ განაცხადა. ჯერ ზუსტად არაა ცნობილი, რა წესით გაიზრდება პედაგოგების ხელფასი – ზრდა ხელფასის მხოლოდ საბაზო ნაწილს შეეხება, თუ სტატუსზე მიბმულ დანამატებსაც.
ხელფასის ზრდასთან დაკავშირებულ დაპირებაში მეტი სიცხადე შეიტანა გუშინ ფინანსთა მინისტრის განცხადებამ, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება.
„დაახლოებით 2 კვირის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების მოცულობა დიდწილად დაკავშირებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან. ახალი მოდელის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება და 1 900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის, დაახლოებით, 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება, გარკვეულწილად, გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურების ხელფასებიც. კერძოდ, მანდატურების ხელფასი გაიზარდა 125 ლარით (1000-იდან 1125 ლარამდე), ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი იზრდება 10%-ით.“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.