პედაგოგი დავით ფერაძე პრემიერს მიმართავს და დირექტროთა არჩევნებზე რეაგირებას სთხოვს

პუბლიკა

პედაგოგი დავით ფერაძე პრემიერს ღია წერილით მიმართავს და დირექტორთა არჩევნებთან დაკავშირებით რეაგირებას სთხოვს. პრემიერის სახელზე მომზადებული განცხადება ფერაძემ კანცელარიაშიც შეიტანა.

დათო ფერაძე დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატია და სამინისტრომ სკოლის დირექტორთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა, რადგან მისი კანდიდატურა სკოლებს არ წარუდგინეს. სამინისტროს გადაწყვეტილების გამო, ფერაძის მსგავსად, ასობით სერტიფიცირებულ კანდიდატს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მიმართვაში ფერაძე პრემიერს წერს, რომ ასეთ ვითარებაში ე.წ. რეფორმების განხორციელება გროტესკია და უსწრაფესი რეაგირებაა საჭირო.

ფერაძე პრემიერს მოუწოდებს განათლების სამინისტროს დაავალოს:

  1. გამოსცეს საგანგებო ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც ჩატარდება ხელახალი გასაუბრება ტესტირების შემდგომ „დაწუნებულ“ კონკურსანტებთან;
  2. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლებში დანიშვნის ფორმით დირექტორებად გადაანაწილოს ამ უფლების მქონე პირები;
  3. დააყენოს ზემოხსენებული თანამდებობის პირთა თანამდებობრივი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 პრემიერის სახელზე მომზადებული წერილი 3-გვერდიანია. ფერაძემ მიმართვა კანცელარიაშიც დატოვა.

„მთავრობის კანცელარიაშიც დავტოვებ ამ მიმართვას. თუმცა, ვინც წაიკითხავს, ისიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააწერს, შეისწავლეთო. ამ უწყების კანონდარღვევებზე  ვწერ და ეგენი როგორც შეისწავლიან თავის გადაცდომებს, ეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

დიდი მცდელობაა გადაიფაროს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, მაგრამ ვეღარ გამოვა ეს გადაფარვა. საქმე ეხება საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსს, რომლის დანაშაულებრივი იერ-სახე ბავშვისთვისაც კი ნათელია.

და იმდენად მრავალმხრივი და მასშტაბურია დარღვევა, ნუთუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, ბატონო პრემიერო?

არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენთვის სულ ერთია, ვის ჩაჰბარდება განათლების ცალკეული კერების ლიდერობა, სადაც ნახევარმილიონიანი ბავშვთა კორპუსია გადანაწილებული“, – წერს ფერაძე.

ფერაძე წერს, რომ განათლების სამინისტროში არსებობს „დაჯგუფება“, რომელიც დირექტორთა შერჩევას კურირებს.

„გვაქვს რამდენიმე ვარაუდი ხსენებული ჯგუფის უკანონო გადაწყვეტილებაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ყველა, რამდენიმე  ან ერთი სახის დარღვევას მაინც. ეს ვარაუდებია: 1. კომისიის წევრები და მათ შორის დასახელებული პირები იყვნენ არაკომპეტენტურები; 2. კომისიის წევრები იყვნენ არაობიექტურები და მიკერძოებულები; 3. კომისიის გადაწყვეტილებაზე მოქმედებდა გარე მითითებები და გავლენები; 4. ადგილი ჰქონდა კომისიასთან კორუფციულ და ნეპოტისტურ გარიგებებს; 5. გასაუბრების კომისიის მუშაობა, გასაუბრების პროცესი არ იყო გამჭვირვალე, არ დგებოდა ოქმები, არ ფასდებოდა კონკურსანტი“, – წერს ფერაძე.