პედაგოგი: მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნახევარი წელია, ბულინგის მსხვერპლი ვარ

პუბლიკა

ქეთი ცირეკიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაფიჩხოვოს სკოლის მასწავლებელია. თავისსავე სკოლაში დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ჩაერთო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესში, წარმატებით დაძლია ორივე ეტაპი – ტესტირება და გასაუბრება და მიმდინარე წელს თავის სკოლაში არჩევნების დღის დანიშვნასა და კანდიდატურის წარდგენას ელოდებოდა, თუმცა გუშინ საკუთარი თავი სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილ სიაში ვერ იპოვა.

ქეთი ცირეკიძე პროცესში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მის სკოლაში დირექტორის არჩევნებზე სამინისტრომ წარადგინა კანდიდატი, რომელიც 2012 წლიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ კვოტით და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანთან დაახლოებული პირია.

ქეთი ცირეკიძემ ჩვენთან საუბარში ითხოვა, ანონიმურად დაგვეტოვებინა ამ პირის ვინაობა, რადგან ამ ეტაპზე არ სურს გასაჯაროება.

მისი თქმით, დირექტორთა კონკურსში მის მონაწილეობაზე ის თავისი ინიციატივით შეხვდა აღნიშნულ მაღალჩინოსანს.

კითხვაზე –  რატომ გადაწყვიტა მასთან შეხვედრა? – გვიპასუხა: ჩემი ინიციატივით მქონდა ეს საუბარი, მითხრეს, რომ თუ მისი ნება იქნება, ყველაფერი გამოვაო.

ქეთი ცირეკიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ ნაფიჩხოვოს სკოლის დირექტორის არჩევნებში მას რეკომენდაციას ვერ გაუწევდა და სხვა სკოლაში შეეძლო მისთვის რეკომენდაციის გაწევა, რასაც ქეთი ცირეკიძე არ დაეთანხმა.

ის მისი კანდიდატურის დაბლოკვას აპრილში, გიორგი ამილახვართან პედაგოგების შეხვედრასაც უკავშირებს, სადაც მან სკოლების მართვაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და მინისტრს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ამბობს, რომ ამ შეხვედრაში მისმა გამოსვლამ ქალაქის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი გააბრაზა.

„21 აპრილს მე მქონდა საჯარო შეხვედრა მინისტრთან. ამ შეხვედრაზე მე დირექტორების საკითხზე ვისაუბრე. ვთქვი, რომ დირექტორებმა სკოლები საოჯახო ბიზნესად გადააქციეს. სამეურვეო საბჭოები ფარსი და ბუტაფორიაა, რადგან აკეთებენ იმას, რაც უნდათ. მინისტრს ვუთხარი, რამე იღონეთ, ქმედითი ნაბიჯები დაგვანახეთ-მეთქი. ეს რომ ვისაუბრე, ჩემს რაიონში, ჩემი ნათქვამი ჩამოიტანეს შეცვლილი ფორმით და თქვეს, რომ თითქოს მე ჩხოროწყუ დავმარხე მინისტრთან და ამის გამო დამიპირისპირდა მთელი რაიონი. ნახევარი წელი ვარ ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი გამოსვლიდან მალევე სკოლაში შემოვიდა აუდიტი და დაიწყო ბუღალტრისა და დირექტორის ფინანსების/ დოკუმენტაციის შესწავლა. თქვეს, რომ ეს ქეთიმ გააკეთა, მთელი რაიონი ამიმხედრეს, ამიბუნტეს და ჩამშვების სახელი მომაკერეს. თუმცა ეს წერილი ვინ დაწერა და როგორ იყო, მე არ ვიცი. აუდიტი გრძელდებოდა, ერთი პერიოდი გაჩერდა, ახლა ისევ გაგრძელდა ერთი კვირაა. გუშინ თქვეს, რომ აუდიტმა მოკვლევა დაასრულა,  მაგრამ პასუხი ჯერ ცნობილი არაა“, – ამბობს ქეთი ცირეკიძე.