პედაგოგი, რომელიც ბაღდათში პირველი აიცრა

პუბლიკა

პედაგოგი თინა ჩხეიძე ბაღდათის #2 საჯაროს სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. ის პირველია ბაღდათში, ვინც 29 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

„70 წლის ვხდები, სახიფათო ასაკია ვირუსისთვის, რატომ უნდა ვანერვიულო შვილები? აცრის წინააღმდეგი არ ვარ. ძალიან შორს ვარ იმ აბსურდული და დაუსაბუთებელი აზრებისგან, რომლებიც ვაქცინაზე, „ჩიპებზე“  და ა.შ. ვრცელდება. ასეც არ შეიძლება, მეტი გონიერება გვჭირდება ნებისმიერ ჩვენგანს. სიახლე უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, განუსჯელად არა, დაფიქრებით და განსჯით. როცა მთელი მსოფლიო პენდემიას ებრძვის, მილიონობით ადამიანი იცრება, მე რა უფლება მაქვს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომ არ ავიცრა.

პირველ რიგში ვფიქრობ, რომ თვითონ მასწავლებლები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, იმიტომ, რომ ვაქცინის გაკეთება სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ძალიან ჩავიკეტეთ, აღარც მიმოსვლაა, აღარც ადამიანური ურთიერთობა, ამით გამოვირჩეოდით – ერთმანეთთან ყოფნის დიდი სურვილით. ახლა გინდა თუ არ გინდა, ჩაკეტილი ხარ შენთვის. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაესვას ამ მდგომარეობას წერტილი. რამდენჯერაც ვიფიქრეთ, რომ კორონა ვერაფერს დაგვაკლებს, ხომ ვნახეთ, რომ ძალიანაც ბევრი დაგვაკლო, ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. რატომ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ თავი, ერთმანეთი?“

თინა ჩხეიძე ამბობს, რომ მისი შვილი ექიმია და ვაქცინის შესახებ სწორედ მისგან ჰქონდა მიღებული სანდო ინფორმაცია. ისიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

გვიყვება, რომ ვაქცინა ქუთაისში გაიკეთა. აცრამდე დაწვრილებით გამოჰკითხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აცრის შემდგომ 45 წუთის განმავლობაში ადგილზე დატოვეს შესაძლო გვერდითი რეაქციის გამოვლენისგან დაზღვევის მიზნით.  ამბობს, რომ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა აცრის შემდგომ არ უგრძნია, არც სიცხე ჰქონია და არც სისუსტე, მეორე დღეს ჩვეულებრივ დაუბრუნდა სამუშაოს.

თინა ჩხეიძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით პირველი პედაგოგია ბაღდათში, რომელმაც აიცრა, თუმცა სკოლაში მასწავლებლებს შორის განწყობა ისეთია, რომ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, პედაგოგების უმრავლესობა აიცრება.

7 აპრილის მონაცემებით ჯამურად 14 207 ადამიანი აიცრა.

5 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის საბჭოს მომავალ სხდომაზე იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების ჩართვაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებია ხელმისაწვდომი. იმუნაზაციის პროცესში ჩართული არიან 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პირები.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება: http://stratcom.gov.ge/s/fe7d8

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/