პედაგოგთა დეფიციტის გამო 2018-2021 წლებში, სავარაუდოდ, 15 ათასმა მოსწავლემ ვერ მიიღო სათანადო განათლება - აუდიტი

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა მასწავლებლის დეფიციტის გამო ვერ იღებს სრულფასოვან ზოგად განათლებას.

აქვე ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული პროგრამები სრულად ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებს ყველა საგნისა და კლასის მასწავლებლით.

კერძოდ, მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“, რომლებიც აუდიტის შეფასებით,  სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო სხვადასხვა მიზეზით. არსებობს რისკი, რომ აღნიშნული დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15,000-მა მოსწავლემ.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ,  2020-2021 სასწავლო წელსა და 2021-2022 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში, პანდემიიდან გამომდინარე არ გამოცხადებულა მასწავლებელთა კონკურსი, შესაბამისად, ვერ შეივსო ვაკანსიები. ყველაზე მეტი შეუვსებელი ვაკანსია დარჩა 2019-2020 სასწავლო წელს.

მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად სამ რეგიონში გამოიკვეთა. ესენია: გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო საგნობრივ ჭრილში დეფიციტი აღინიშნება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და უცხოურ ენებში.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა 2018-2021 წლებში თითოეულ სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული დეფიციტის სავარაუდო გავლენა მოსწავლეთა რაოდენობაზე, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა ესწავლათ ის საგნები, სადაც ფიქსირდება კადრების დეფიციტი. შესაბამისად, შესაძლოა აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დარჩენილიყვნენ სასწავლო პროცესს მიღმა.

აუდიტი ცენტრსა და სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, ყველა მოსწავლის ზოგადი განათლებით სათანადოდ უზრუნველყოფისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, სისტემის სხვადასხვა ერთეულის კოორდინაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნეს ყველა ის სკოლა და საგანი, რომლებშიც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია. იმ პირობებში როდესაც არ არის მივლინებული მასწავლებელი, ასეთ საგნებში სათანადო პირობების უზრუნველყოფით, განხორციელდეს დისტანციური სწავლება.

აუდიტის ანგარიში საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების შესახებაა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.