პედიატრიული პაციენტებისთვის დამატებითი საწოლებია მობილიზებული - გაბუნია

პუბლიკა

„კოვიდპანდემიის დღევანდელი სიტუაცია არის ძალიან მძიმე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, გუშინდელი ახალი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1 800-ს. ეს, გარკვეულწილად, არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პედიატრიულ პაციენტებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სექტორს საწოლები დაემატა.

„გასული 2-3 დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში, პრაქტიკულად, დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკი იზრდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ბავშვებში შემთხვევების მიმდინარეობას, მისი თქმით, ეს საყურადღებო საკითხია. როგორც ის ამბობს, ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით კი დელტა შტამის (ლაბორატორიულად უკვე 72 შემთხვევაა დადასტურებული), რისკი იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, როგორც იცით, უტარდებათ ინტენსიური მართვა. ჯერჯერობით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ვაკვირდებით და ციციშვილის კლინიკიდან მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.