პედოფილიის მორიგი შესაძლო შემთხვევა სუსის სავარაუდო ფაილებში

პუბლიკა

სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ მასალებში შესაძლო პედოფილიის არაერთი შემთხვევის შესახებ გვხვდება ინფორმაცია. მათ შორის, ერთ-ერთი ეხება დეკანოზს, რომელიც შემოქმედის ეპარქიაში მსახურობდა. მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან „პუბლიკა“ თავს იკავებს.

ფაილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იოსებ კიკვაძემ პედოფილიის შესაძლო ფაქტის შესახებ შეიტყო, რეზიდენციაში 2020 წლის 18 დეკემბერს კრება დანიშნა. კრება კი ეხებოდა იმ მღვდელმსახურს, „რომელიც შემჩნეულია პედოფილიაში“ და მისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერების საკითხს. იმავე დღეს მიტროპოლიტმა დეკანოზს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა „თავის მრევლთან, დაახლოებით 17 წლის ბიჭთან დამყარებული ინტიმური კავშირის გამო“.

„მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის დედა ვინმე ნ. გეგმავს საპატრიარქოში ჩივილს და *-ს მიმართ გამკაცრებული სასჯელის მოთხოვნას. ხსენებულზე მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ მან საკმარისად დასაჯა დეკანოზი და ნ.-ს მხრიდან დამატებითი სასჯელის მოთხოვნით, შესაძლოა *-მა საპასუხოდ გააჟღეროს არასრულწლოვანი ბიჭის აღსარებები, რითაც დიდი ზიანი მიადგება მის ოჯახს“, — წერია ფაილებში.

„პუბლიკამ“ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხა, რეალურად რა მიზეზით აუკრძალა დეკანოზს სინოდალურმა კომისიამ მღვდელმსახურება განუსაზღვრელი ვადით? რა პოზიცია უჭირავს დღეს ეკლესიაში პედოფილიაში დადანაშაულებულ სასულიერო პირს?

ჯაღმაიძის თქმით — „ეს ძველი საკითხია, შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს Facebook-გვერდზეა განთავსებული, დეტალებისთვის კი ეპარქიას უნდა დავუკავშირდეთ“. საქმეზე მეტი დეტალის გასაგებად „პუბლიკა“ შეეცადა მიტროპოლიტ იოსებთან დაკავშირებას, როგორც სატელეფონო ზარით, ასევე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, თუმცა იგი ამ დრომდე არ გვპასუხობს.

ანდრია ჯაღმაიძეს „პუბლიკამ“ ასევე ჰკითხა, თუკი პედოფილიის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას ფლობდა, მიმართა თუ არა საპატრიარქოს რომელიმე წარმომადგენელმა საგამოძიებო ორგანოს, რადგან საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

„საკითხი ეხებოდა საფრანგეთში მომხდარ ფაქტს“, — განაცხადა „პუბლიკასთან“ ანდრია ჯაღმაიძემ და დასძინა, რომ „საუბარი იყო არა ინტიმურ კავშირზე, არამედ გარყვნილი შინაარსის გზავნილებზე“.

მასალების მიხედვით, სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების შეჩერების შემდეგ მიტროპოლიტი იოსები საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესთან შესაძლო ძალადობის სხვა შემთხვევაზე საუბრობდა — 2020 წლის 27 დეკემბრით დათარიღებულ კრებსში მიტროპოლიტი ამბობდა, რომ 1 წლის წინ უცნობმა მამაკაცმა, რომელიც ცხოვრობდა პედოფილიაში დადანაშაულებულ დეკანოზთან, პოლიციას უთხრა, რომ სასულიერო პირმა გააუპატიურა, პოლიციამ კი ამბავი მიჩქმალა.

„სრულიად შიშველი, ზეწარში გახვეული მივიდა პოლიციაში და აცხადებდა, რომ სასულიერო პირმა იგი გააუპატიურა, ხოლო ფაქტის დასამტკიცებლად ითხოვდა მიტანილი თეთრეულიდან „დნმ”-ს ანალიზის აღებას. მღვდელმთავრის თქმით, სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ საქმე „მიჩქმალა”, ხოლო დეკანოზმა უცნობ მამაკაცს ფული გადაუხადა და გაუშვა მოსკოვში“, — წერია ფაილებში.

ანდრია ჯაღმაიძეს ამ შინაარსის საუბარზეც ვკითხეთ, თუმცა მან მსგავსი დიალოგი ვერ გაიხსენა.

სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი მასალებით ირკვევა, რომ თინეიჯერის მშობელი დეკანოზისთვის არათუ მღვდელმსახურების შეჩერებას, არამედ ეკლესიიდან განკვეთას მოითხოვდა. შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები კი გეგმავდა სინოდის სხდომაზე მშობლის წერილის წაკითხვას და დეკანოზის ეკლესიიდან განკვეთის მოთხოვნას.

ფაილების მიხედვით, 11 თებერვალს მიტროპოლიტმა იოსებმა სინოდის სხდომაზე დააყენა დეკანოზის ეკლესიიდან განკვეთის საკითხი. იმავე დღეს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას.

3 მარტს კი თავად შემოქმედის ეპარქიამ გაასაჯაროვა სინოდალური კომისიის სხდომის დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კომისიამ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და თავად განსასჯელი სასულიერო პირის პირადი აღიარების საფუძველზე დეკანოზი ცნო დამნაშავედ და განუსაზღვრელი ვადით აეკრძალოს მღვდელმოქმედება“.

ანდრია ჯაღმაიძეს ვკითხეთ, თუკი კომისიამ და თავად ბრალდების ობიექტმა ფაქტები დაადასტურეს, რატომ არ განკვეთეს დეკანოზი ეკლესიიდან და რატომ შემოიფარგლნენ მღვდელმსახურების შეჩერებით?

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კომისიას არ შეუძლია განკვეთის გადაწყვეტილების მიღება. ეს ან მმართველმა მღვდელმთავარმა ან სინოდმა უნდა მიიღოს, სინოდის სხდომა კი მას შემდეგ აღარ შემდგარა.